სერგი ავალიანი დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში 1928 წლის 13 იანვარს. მის მშობლებს ძველი არისტოკრატიული წარმომავლობა ჰქონდათ: მამა - შალვა ავალიანი _ სამეფო აზნაურთა {Потомственный дворянин Росийской империи}, ხოლო დედა _ საეკლესიო აზნაურთა წოდებებს ეკუთვნოდნენ. მამა სოფლის მასწავლებელი იყო, რომელიც 1942 წელს ომში გაიწვიეს და უკან აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედა მრავალშვილიან ოჯახს პატრონობდა და შვილებს ზრდიდა.

 

სერგი ავალიანმა 1944 წელს დაამთავრა სოფ. ბუგეულის საშუალო სკოლა, ხოლო 1949 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1949 წლიდან დღემდე მუშაობს სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში. ჯერ იყო უმცროსი {1949-1956}, შემდეგ უფროსი {1956-1963} მეცნიერი მუშაკი, ხოლო 1963 წლიდან 2007 წლამდე ამავე ინსტიტუტის ერთი-ერთი წამყვანი განყოფილების {თეორიული ფილოსოფიის განყოფილება, რომელსაც კომუნისტური რეჟიმის პირობებში დიალექტიკური მატერიალიზმის განყოფილება ეწოდებოდა} ხელმძღვანელი. ამჟამად იგი არის ამავე ინსტიტუტის მეცნიერი-მკვლევარი.

 

სერგი ავალიანმა 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1964 წელს სადოქტორო და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. პროფესორის წოდება მიეკუთვნა 1966 წელს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა 1984 წელს. დაბადებიდან 80 წლისთავზე {2008} მას გადაუხადეს იუბილე; დაიბეჭდა საიუბილეო კრებული ფილოსოფიის კლასიკური და თანამედროვე პრობლემები {2008}, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი, კანადელი, ესპანელი, გერმანელი და იტალიელი ფილოსოფოსები.

 

სერგი ავალიანის სამეცნიერო მუშაობის სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, თეორიული ფილოსოფია და აქსიოლოგია. დღემდე ამ ფილოსოფიური დისციპლინების პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 29 წიგნი და 250-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ, რუსულ, უკრაინულ, გერმანულსა და ინგლისურ ენებზე. 45 წლის მანძილზე შეთავსებით ლექციებს კითხულობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ორ ათეულზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მის მიერ აღზრდილ მეცნიერ-მუშაკთაგან რამდენიმე უკვე მეცნიერების დოქტორი და პროფესორია. დაბადებიდან 70 წლისთავზე იგი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით {1998}, 75 წლისთავზე _ ი.ჯავახიშვილის სახელობის მედლით {2003}, მისი წიგნი ანტონ პირველი დაჯილდოვდა ოქროს მედლით {1987}; მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი. სერგი ავალიანი არჩეულია მეცნიერების ფილოსოფიის საერთაშორისო ასოციაციის {ჩიკაგო. აშშ} წევრად, მიენიჭა წოდებები: XX საუკუნის 2000 გამოჩენილი სწავლული {აშშ}, 2001 წლის საერთაშორისო ადამიანი {კემბრიჯი, ინგ.}, XXI საუკუნის 2000 ინტელექტუალი {აშშ}. მისი გვარი შეტანილია საერთაშორისო გამოცემებში: ფილოსოფიისა და ფილოსოფოსთა საერთაშორისო ცნობარი {აშშ}, წარმატებულ ლიდერთა საერთაშორისო პროფილი {ჩრდ. კაროლინა, აშშ], 2009 წლის საქართველოს კაცი {აშშ] და სხვ.