სერგი  ავალიანი  დაიბადა  ამბროლაურის რაიონის  სოფ.  ჯვარისაში  1928  წლის  13  იანვარს. მის  მშობლებს  ძველი  არისტოკრატიული  წარმომავლობა  ჰქონდათ:  მამა  -  შალვა  ავალიანი  _  სამეფო  აზნაურთა  {Потомственный   дворянин  Росийской  империи},  ხოლო  დედა  _    საეკლესიო  აზნაურთა  წოდებებს  ეკუთვნოდნენ.   მამა  სოფლის  მასწავლებელი  იყო,  რომელიც  1942  წელს  ომში  გაიწვიეს  და  უკან  აღარ  დაბრუნებულა.  მარტოხელა  დედა  მრავალშვილიან  ოჯახს  პატრონობდა  და  შვილებს  ზრდიდა.

 

სერგი  ავალიანმა  1944  წელს  დაამთავრა  სოფ.  ბუგეულის  საშუალო  სკოლა,  ხოლო  1949  წელს  ი. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი  ფილოსოფიის  სპეციალობით.  1949  წლიდან  დღემდე  მუშაობს  სავლე  წერეთლის  სახელობის  ფილოსოფიის  ინსტიტუტში.  ჯერ იყო უმცროსი {1949-1956},  შემდეგ  უფროსი  {1956-1963}  მეცნიერი  მუშაკი,  ხოლო  1963  წლიდან  2007  წლამდე  ამავე  ინსტიტუტის    ერთი-ერთი  წამყვანი  განყოფილების  {თეორიული  ფილოსოფიის  განყოფილება,  რომელსაც  კომუნისტური  რეჟიმის  პირობებში   „დიალექტიკური  მატერიალიზმის  განყოფილება“ ეწოდებოდა}  ხელმძღვანელი.  ამჟამად  იგი  არის  ამავე  ინსტიტუტის  მეცნიერი-მკვლევარი.

 

სერგი  ავალიანმა  1954  წელს  დაიცვა    საკანდიდატო  დისერტაცია,  ხოლო  1964  წელს  სადოქტორო  და  მიენიჭა  ფილოსოფიის  მეცნიერებათა  დოქტორის  სამეცნიერო ხარისხი.  პროფესორის  წოდება  მიეკუთვნა 1966  წელს,  საქართველოს  მეცნიერების  დამსახურებული  მოღვაწისა  1984  წელს.  დაბადებიდან  80  წლისთავზე  {2008}  მას  გადაუხადეს  იუბილე;  დაიბეჭდა  საიუბილეო  კრებული  „ფილოსოფიის  კლასიკური  და  თანამედროვე  პრობლემები“  {2008},  რომელშიც  მონაწილეობდნენ  როგორც  ქართველი,  ასევე  ამერიკელი,  კანადელი,  ესპანელი,  გერმანელი  და  იტალიელი  ფილოსოფოსები. 

 

სერგი  ავალიანის  სამეცნიერო  მუშაობის  სფეროებია:  ქართული  ფილოსოფიის  ისტორია,  ბუნებისმეცნიერების  ფილოსოფია,  მეცნიერების  ფილოსოფია,  თეორიული  ფილოსოფია  და  აქსიოლოგია.  დღემდე  ამ  ფილოსოფიური  დისციპლინების  პრობლემებზე    გამოქვეყნებული  აქვს  29  წიგნი  და  250-ზე  მეტი  სამეცნიერო  სტატია  ქართულ,  რუსულ,  უკრაინულ,  გერმანულსა  და  ინგლისურ  ენებზე.  45  წლის  მანძილზე  შეთავსებით  ლექციებს  კითხულობდა  ი. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ფილოსოფიის  ფაკულტეტზე. მისი  ხელმძღვანელობით  მომზადდა  ორ  ათეულზე  მეტი  საკანდიდატო  და  სადოქტორო  დისერტაცია. მის  მიერ  აღზრდილ  მეცნიერ-მუშაკთაგან  რამდენიმე  უკვე  მეცნიერების  დოქტორი  და  პროფესორია.  დაბადებიდან  70  წლისთავზე  იგი  დააჯილდოვეს  ღირსების  ორდენით  {1998}, 75  წლისთავზე  _  ი.ჯავახიშვილის  სახელობის  მედლით  {2003}, მისი  წიგნი  „ანტონ  პირველი“  დაჯილდოვდა   ოქროს  მედლით  {1987};  მიღებული  აქვს  მრავალი  საპატიო  სიგელი.  სერგი  ავალიანი  არჩეულია  მეცნიერების  ფილოსოფიის  საერთაშორისო  ასოციაციის  {ჩიკაგო. აშშ}  წევრად,  მიენიჭა  წოდებები:  XX  საუკუნის    2000  გამოჩენილი  სწავლული“ {აშშ},  „2001  წლის  საერთაშორისო  ადამიანი“  {კემბრიჯი,  ინგ.},  XXI  საუკუნის  2000  ინტელექტუალი“  {აშშ}.  მისი  გვარი  შეტანილია  საერთაშორისო  გამოცემებში: „ფილოსოფიისა  და  ფილოსოფოსთა  საერთაშორისო  ცნობარი“  {აშშ},  „წარმატებულ  ლიდერთა  საერთაშორისო  პროფილი“    {ჩრდ.  კაროლინა,  აშშ],  „2009  წლის    საქართველოს  კაცი“  {აშშ]  და  სხვ.