იოჰან  ვოლფგანგ  გოეთე

                           თხმელნარის  მეფე

 

ვინ  მიაჭენებს  ასე   გვიან  ცხენს  ღამით  ქარში?

_მამაა  იგი  და  თან  მიჰყავს  პატარა  ბავშვი.

პატარა  ბიჭი  ხელთ  უპყრია  მკლავმოხვეული,

უფრთხილდება,  რომ  არ  გაცივდეს  სითბოს  ჩვეული.

 

_ჩემი  ბიჭუნავ,  რატომ  მალავ  აგრე  შენს  სახეს?

_ვერ  ხედავ,  მამა,  თხმელნართ  მეფე  რომ  მიგებს  მახეს?

თხმელნართ  ხელმწიფე  გვირგვინით  და  კუდით საზარი,

_ ო,  ჩემი  ბიჭო,  ეგ  ნისლია  ხევში  ჩამდგარი.

 

ძვირფასო  ბავშვო,  წამომყევი,  წავიდეთ  ერთად

მშვენიერ  თამაშს  ვითამაშებ  ყოველდღე  შენთან, 

სანაპიროზე  ყვავილები  ხარობს  ქებული,

ოქროს  სამოსი  აქვს  დედაჩემს   მომზადებული.

 

_ ნუთუ  არ  გესმის,  ჩემო  მამავ,  არ  გეყურება

თხმელნართა  მეფე  რა  საშინელ  რამეს  მპირდება?

_ჩუმად  იყავი,  ჩემო  ბავშვო,  იყავი  წყნარი, 

გამხმარ  ფოთლებში  ჩვეულებრივ  შრიალებს  ქარი.

 

წამომყე,  ბავშვო  მშვენიერო,  ძილგამკრთალები

დიდიხანია  შენ   გელიან  ჩემი  ქალები, 

ისინი  ღამით  ჩააბამენ  ფერხულს  და  გულით

გიცეკვებენ  და  გიმღერებენ  შენ  სიყვარულით.

 

_ო,  ჩემო  მამავ,  ჩემო  მამავ,  ვერ  ხედავ  განა?

თხმელნარის  მეფის  ასულნი  რომ  შეფარვით  დგანან?

_ო,  ჩემო  ბიჭო,  ჩემო  ბიჭო,  ვხედავ  ეს  არის

რუხი,  ბებერი  ტირიფები  ტოტებგამხმარი

 

მიყვარხარ,  მხიბლავს  შენი  სახე  ჯადოსნურ  ალით

თუ  შენი  ნებით  არ  წამოხვალ,  წაგიყვან  ძალით.

_ ო,  ჩემო  მამავ,  ჩემო  მამავ,  ჩამჭიდა  ხელი

თხმელნარის  მეფემ  და  ტკივილი  მომგვარა  მკვლელი.

 

მამა  შეკრთა  და  ააჩქარა  ცხენი  ცივ  ქარში,

მკლავებში  ჰყავდა  მომწყვდეული  მკვნესარე  ბავშვი, 

და,  აჰა,  ეზოს  მიაღწია  ტანჯვით,  წვალებით,

მაგრამ  მკლავებში  ჰყავდა  ბავშვი  ჩამქრალ  თვალებით.

 

                               თარგმანი  გერმანულიდან 

                                                                სერგი  ავალიანისა

 

 

                იოჰან  ვოლფგანგ  გოეთე

           მოგზაურის  სიმღერა  ღამით

 

                 მაღალ  ქედებზე

                 სუფევს  დუმილი,

                 მთის  მწვერვალებზე

                 ოდნავ  გესმის

                 მფშვინავი  ძილი.

                 ტყეში  მდუმარებს  ჩიტთა  გუნდები,

                 დაიცა  ცოტა,

                 შენც  დადუმდები.

                

                 თარგმანი  გერმანულიდან

                                                         სერგი  ავალიანისა



===========================================================
                   
უილიამ  შექსპირი           

                        სონეტი  66

ყველა  ამათგან   დაქანცული  მივუხმობ  სიკვდილს

დამსახურებას  როცა  ვხედავ  მათხოვრად  შობილს,

და  ყოვლისმქონე  ჩაძირულა  განცხრომის  ზღვაში,

და  უწმინდესსა  რწმენას  ვხედავ  ულმობლად  გმობილს.

 

და  სამარცხინოდ  ჩაუთვლიათ  წმინდა  ღირსება,

და  ქალწულური  უბიწობა  მრუშად  ქცეულა,

და  შერცხვენილა  ჭეშმარიტი  ეგ  სრულქმნილობა, 

და  ძლიერება  კოჭლი  ძალის  მიერ  ძლეულა.

 

და  ხელოვნებას  მბრძანებლობამ  დაუბა  ენა,

და  ბრიყვი  მცოდნეს  აკონტროლებს  გულანთებული,

და  აგინებენ  გულმართლობას,  მიამიტობას,

და  სნეულ  ბატონს  სიკეთე  ჰყავს  დატყვევებული.

 

მივატოვებლი  ამ  ქვეყანას  მთლად  დაქანცული,

რომ  არ  მრჩებოდეს  უპატრონოდ  მე  სიყვარული

 

 

                                 თარგმანი  ინგლისურიდან

                                                                   სერგი  ავალიანისა

 

                          

                                 ჯორდანო  ბრუნო

                              სონეტი

 

ვინ  დასწვა  სული,  ან  ვინა  მქმნა  მსუბუქფრთიანი, 

ვინ  განმაშორა  შიშს  სიკვდილის,  ანდა  ბედისა,

ვინ  დაამსხვრია  ჯაჭვი  მტკიცე,  ან  იმედისა

ვინ  გახსნა  კარი,  ძლივს  რომ  ხსნიდა  ადამიანი?

 

საუკუნენი.  წლები,  კვირა,  დღე  თუ  საათი

{დროა  ეგ  შენი  იარაღი  აისხა  ჩქარა},

იმათ  დინებას  ვერაფერი  დააცხრობს,  კმარა,

ამიერიდან  არ  ვიქნები  მორჩილი  მათი.

 

აქედან  ვილტვი  მე  ზეცისკენ,  მაქვს  იმის  რწმენა

კრისტალი  ზეცა  არ  იქნება  ჩემი  საზღვარი,

გაჰკვეთე  იგი,  შეუერთდი  უსასრულობას,

ვით  სფეროები  განმსჭვალავენ  ერთმანეთს  ზენა;

 

ეთერის  ველში  მეც  შევიჭრა,  ისე  ვით  ქარი,

სხვებს  დავუტოვებ  საცხოვრებლად  ქვეყნიერებას.

 

                              თარგმანი  რუსულიდან

                                                სერგი  ავალიანისა 

 

=====================================================

 

 

 

     ჰაინრიხ  ჰაინე

         ***

წლები  წლებს  სწრაფად  ცვლიან,

ტომებს  საფლავი  ფარავს

და  ჩემი  სიყვარული

გულს  არა  ტოვებს,  არა.”

 

ნეტავ  შემეძლოს  გნახო, 

მუხლთ  მოვიყარო  და  თან,

რომ  მომაკვდავმა  გითხრა:

მე  შენ  მიყვარხარ,  მადამ”.

 

========================================================

 

            ***

გაქვს  მარგალიტი  და  ბრილიანტი, -

რას  კაცთ  სურვილის  შეწვდება  სვეტი -

ულამაზესი  გაქვს  შენ  თვალები, 

ჩემო  მიჯნურო,  რაღა  გსურს  მეტი?

 

მეკი  შენს  ლამაზ  თვალთა  საქებრად

სიმღერის  წყება  სხივდაუშრეტი

უკვე  შევთხზევი  შენს სადიდებლად

ჩემო  მიჯნურო,  რაღა  გსურს  მეტი?

 

ეგ  შენი  წარმტაც  თვალთა  ციმციმით

ესდენ  გამტანჯე,  დამასხი  რეტი

და  სასიკვდილოდ  გამწირე  კიდეც,

ჩემო  მიჯნურო,  რაღა  გსურს  მეტი?

 

 

======================================================

 

          ტრაგედია

 

გავიქცეთ,  ტურფავ, და  იქნები  იქ  ჩემი  ცოლი,

ჩემს  მკერდზე  ჰპოვებ   დასვენებას  ტკბილი  წამისა,

იქ  -  უცხოეთში  -  ჩემი  გული  იქნება  შენთვის

სამშობლო  ტკბილი,  საყვარელი  სახლი  მამისა.

 

თუ  არ  გამომყვე  _  მე  მოვკვდები აქ,  შენს  წინაშე

და  შენ  დარჩები  მარტოხელა    და  ერთადერთი  

და  მამის  სახლიც  ხომ  იქნება  შენთვის,  ძვირფასო,

მიუსაფარი,  უთვისტომო  და  უცხოეთი.

 

   

თარგმანი  გერმანულიდან

           სერგი  ავალიანისა 

 

 

======================================================

 

 

 

           ჯორჯ  ნოელ  გორდონ  ბაირონი

 

                 ჩემს  ვაჟს

 

ეს  ლურჯ-ნათელი  თმა  ხუჭუჭი,თვალნი  ცისფერი

ნაძერწი,  როგორც  დედის  სახე,  მისი  იერი,

ეს  ვარდისფერი  ტუჩები  და  სახის  ნაკვთები

და  ეს  ღიმილი  მიმზიდველი,  გულის  წამღები,

საამო  წარსულს  მომაგონებს,  აწმყოს  რომ  მიჯობს,

შენი  მამის  გულს  რომ  იტაცებს,  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

არ  შეგიძლია  მოჩლექით  თქვა  სახელი  მამის

ჩემო  ვილიამ,  არ  გაივლო  შენს  გულში  წამით.

რომ  მამაშენმა  არ  მოგხედოს,  არ  იყოს  ქველი,

და  შენზე  ზრუნვა  მიატოვოს,  ზრუნვა  გულწრფელი.

დედის  აჩრდილი  შენს  ღიმილში  ჩანს,  უნდა  ვსინჯო

იქნებ  წარსული  მაპატიოს,  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

ყვავილთა  გორამ  გადაფარა  საფლავი  მისი

და  უცხო  მკერდმა  შენ  გაწოვა  ძუძუ  თავისი,

დაცინვით  შეხვდა  დაბადებას  შენსას  ქვეყანა,

ხომ  უსახელოდ  დაიბადე  ამ  ქვეყნად  განა?

არ  შეგეშინდეს  შენ  არაფრის,  ყველაფერს  ის  სჯობს

მამის  გული  ხომ  შენთანაა,  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

რა  არის  ჩემთვის  ეს  უგრძნობი,  მკაცრი  სამყარო

უნდა  უარვყო  ბუნებრივი  მოთხოვნის  წყარო?

არა,  არა  მწამს  მორალისტთა  აზრი  გულისა,

უძვირფასესო  ბავშვო  ჩემი  სიყვარულისა.

სიჭაბუკესა  და  სიხარულს  მაინც  ის  მიჯობს

შენს  დაბადებას  ვუდარაჯო,  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

დე,  ტკბილი  იყოს  შენი  კვალი  და  შენი  გზანი,

ჩემს  სახეზე  კი  დაბერების  გაჩნდა  ნიშანი.

ჩემი  ცხოვრების  ნახევარი  სწრაფად  განივლო,

შენ,  ჩემო  ძმაო  უმცროსო  და  ჩემივე  შვილო.

ჩემი  სიცოცხლის  ყველა  წლებს  კი,  მე  ასე  მიჯობს,

რომ  ყველაფერი  შენ  მოგიძღვნა,  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

სიჭაბუკისას  თუნდ  იყავი  ცეტი,  თვითნება

მშობელი  მამა  მაინც  მუდამ  შენთან  იქნება,

ჩემთვის  იქნები  კვლავ  ძვირფასი  და  საყვარელი,

რადგან  ელენეს  მომაგონებ,  სიამის  მგვრელი.

ძველებურად  ფეთქს  ჩემი  გული  და  ასე  მიჯობს,

მამა   არასდროს  მიგატოვებს  შენ,  ჩემო  ბიჭო!

 

 

 

თარგმანი  ინგლისურიდან  სერგი  ავალინისა 

 

 

 

=======================================================

 

 

 

 

             სერგი  ავალიანი

           

            ოქროს  თასი

              {ბალადა}

 

                       I

 

დიდ  სასახლეში,  საზეიმოდ  მორთულ  დარბაზში

გალაღებული  ლხინობს  თავადი,

ისმის  სიმღერა,  სადღეგრძელო  და  ოქროს  თასში

შუშხუნებს  ღვინო  სავსე  თავამდი.

დიდი  საუნჯის,  სიმდიდრისა  დიდის  მფლობელი

პირველი  ვაჟის  დაბადებას    ხარობს  მშობელი.

 

სუფრას  ამშვენებს  დიდგვაროვან  სტუმართ  კრებული,

ტოლუმბაშის  ხმა  გაისმის  მქისი,

მოაქვთ  მწვადები  ვერცხლის  სინზე  ჩამწკრივებული

და  ჩამოივლის  ისევ  სასმისი.

,  შენს  ხელობას  ტოლუმბაშო  არ  ექნეს  ზადი, 

მეტად  მხიარულ  ხასიათზე  არის  თავადი.

 

შესვით,  გაამოთ  სადღეგრძელოს  კუთვნილი  ღვინო,

ლალისფერია  ხედავთ  თავადაც,

დღესასწაულზე  შევკრებილვართ  და  მოვილხინოთ”, 

გაბრწყინებული  ბრძანებს  თამადა.

შეზავებული  სურნელებით ღვინო  ნაკეთი, 

მაშ,  გამოსცალეთ,  არ  დაიკლოთ  არც  ერთი  წვეთი.

 

პატარა  თავადს  წრფელი  გულით  ვუსურვო,  მინდა

და  მის  მომავალს  შევასხა  ქება,

ბედნიერება,  ნეტარება,  ცხოვრება  წმინდა,

ლამაზ  ასულთან  გაბედითება.

სიმდიდრე  უხვი,  ლხინი  კარზე  შემოჩვეული

არ  განეცადოს  მრისხანება  ბედის  წყეული.

 

ამ  დროს  მოხუცმა  შემოაღო  დარბაზის  კარი

{მისანად  იყო  ქვეყნად  ცნობილი}.

მას  ჰქონდა  სახე  საშინელი  და  შესაზარი, 

ცივ  ჩონჩხად  იყო  მთლად  აწყობილი

შეეტყო  სტუმარს  მასპინძელი  ვინ  იყო,  იცნო,

თავადმაც  უმალ  თავისაკენ  მოხუცი  იხმო.

 

ჩამოჯექ  აქვე  და  მიამბე  მოხუცო  ერთი,

რასაც  გკარნახობს  შენი  გონება,

რას  მოასწავებს  ახალშობილ  მემკვიდრის  ბედი

მხიარულებას,  თუ  დაღონებას.

თუ  გსურს,  რომ  ჩვენთან  თანასწორად  შენც  მოილხინო

თქვა  და  თავადმა  მიაწოდა  სასმისით  ღვინო.

 

თავადთა  სუფრის  მე  არა  ვარ  მონა-მორჩილი, 

მაგითი  ვერც  შენს  ბედს  მოისყიდი,

უკანასკნელი  არის  შენი   პირველი  შვილი, 

თუმცა  სიცოცხლე  მოგელის  დიდი.

სახელოვანი,  დიდებული  დარჩები,  მჯერა,

მაგრამ  სხვას  ფიქრობს  შენი  შვილის  ბრმა  ბედისწერა.

 

ის  გაიზრდება,  მეტად  კარგი  დადგება  ვაჟი,

შენი  მშვენება  იქნება  იგი,

კვლავ  ახალგაზრდა,  უგვირგვინო  იქნება  მაშინ,

როს  მწუხარება  გეწვევა  დიდი.

ყველა  ჭირს  დასძლევს,  მაგრამ  ჯერაც  ისევ  უცოლოს

თავადის  ქალის  სიყვარული  მოუღებს  ბოლოს.

 

მწუხარე  ხმებად  დაიღვარა  დიადი  ლხინი,

თავადს  წაერთო  მისი  მხნეობა,

წამოდგა  ფეხზე, გაჟღენთილი  უზომოდ  ღვინით

და  დაასრულა  კიდეც  დღეობა.

სთხოვა  დიდკაცებს,  ასულს  ნურვინ  მოიყვანს  ახლოს, 

და  შორს  აქედან,  შორს  კოშკებში  რომ  დაასახლონ.

 

 

                II

 

წამოიზარდა,  მშვენიერი  დადგა  ყმაწვილი,

უზომოდ  ზრუნავს  მასზე  მშობელი.

ჩქარობს  გვირგვინით   თავზე  დგმული  იხილოს  შვილი,

თავადის  ქალთა  უარმყოფელი.

მას  არ   უნახავს  ქალი  ღარიბ  ასულის  გარდა,

თავადმა მისი  ვაჟი  ისე  ფრთხილად  გაზარდა.

 

დიდიხანია  შეიყვარა  ვიღაც  ასული

მთლად  ახლობელი  სოფლელი  გოგო;

მეტად  ძლიერი  იყო  ტრფობა  წრეგადასული,

ნაზი  ალერსი  და  იცი  როგორ?

დანიშნულ  ადგილს  იყრებოდნენ  ქალ-ვაჟი  ღამით

და  ნეტარებდნენ  თითოეული  განცდილი  წამით.

 

 

და  სასახლეშიც  სცნეს  ამბავი  სასიხარულო,

აჰა,  აღსრულდა  თავადის  ნება,

გრძელდება  ლხინი,  სიხარული  უდასასრულო

მისანის  სიტყვა  კიდეც  ცრუვდება.

მალე,  სულ  მალე  აისრულებს  მამა  თავის  ჟინს

და  ლამაზ  ქალ-ვაჟს  დაადგამენ  თავებზე  გვირგვინს.

 

აი  იგი  დღეც,  დღეს  ჯვარს  იწერს  თავადის  შვილი

და  სიხარულით  თავადიც  თვრება,

გადაიხადოს  უდიდესი  უნდა  ქორწილი

და  აღთქმულ  ვადას  დღეს  გადასცდება.

დღეს  აკრძალული ასულებიც  მოვიდეს  უნდა,

რადგანაც  ბედი  ჩემი  შვილის,  სჩანს,  გადაბრუნდა”.

 

ზეიმობს  ხალხი  აღგზნებული  ქორწილის  ჟინით,

თავადის  ქალნიც  მოვიდნენ  ყველა.

ისევ  აივსო  ოქროს  თასი  ლალისფერ  ღვინით,

ხანგრძლივ  ნადიმში  თვრებიან  ნელა.

ნეფე  დედოფლის  სიახლოვით  გატაცებული

ნეტარებას  გრძნობს  და  ღვინოს  სვამს  გალაღებული.

 

აქ  მოსულიყო  ვიღაც  ერთი  უცნობი  ქალი

{ალბათ  თავადის  იყო  ასული}.

ის  ნეფე-ჭაბუკს  უცქეროდა  ნაღვლიან  თვალით,

შავ  ფიქრში  იყო  სულ მთლად  წასული.

მას  შუბლზე  აჩნდა  მწუხარების  მფარავი  ჩრდილი

უძირო  შური,  სიყვარული  უარყოფილი.

 

თამადა  ისევ  ადღეგრძელებს  ნეფე-დედოფალს,

{სუფრასთან  არ  ჩანს  ვინმე  ფხიზელი},

თავადის  ვაჟი  კი  ეხვევა  თავის  პატარძალს

და  გასაოცრად  უშრება  ყელი.

დამისხით  ღვინომოუწოდებს  ღვინის  დამსხმელებს

და  მეათასედ  დაუკოცნის  დედოფალს  ხელებს.

 

თავადის  ქალმა  აიტაცა  სუფრიდან  თასი

სწრაფად  აავსო  შუშხუნა  ღვინით.

სიცოცხლე  ნეფეს,  სიხარული  მრავალათასი

და  შეანათა  სახეზე  ღიმი.

ჩამოართვა  და  გამოსცალა  მან  ფეხზე  მდგარი,

შეაჟრჟოლა  და  ძირს  დაეცა  ჭაბუკი  მკვდარი.

 

გაფითრდა  ხალხი  და  დუმილი  ჩამოდგა  სრული,

სასოწარკვეთით  თავადი  გახდა,

სახეს  დაედო  ნაცრისფერი,  ბნელ  დღეზე თქმული

მისან  მოხუცის  სიტყვები  ახდა.

ოქროს  თასი  არ  ავსებულა  ხელახლა  ღვინით

და  ქვრივ  დედოფლის  შემზარავი  იყო  ქვითინი.

 

                5  სექტემბერი,1945.